1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “კიევი – განხეთქილების ფაქტორი: რატომ აღარ გამოდის კრემლი უკრაინის ევროკავშირში მიღების წინააღმდეგ?”-Neue Zürcher Zeitung
“კიევი – განხეთქილების ფაქტორი: რატომ აღარ გამოდის კრემლი უკრაინის ევროკავშირში მიღების წინააღმდეგ?”-Neue Zürcher Zeitung

“კიევი – განხეთქილების ფაქტორი: რატომ აღარ გამოდის კრემლი უკრაინის ევროკავშირში მიღების წინააღმდეგ?”-Neue Zürcher Zeitung

93
0

„რუსეთი აღარ არის უკრაინის ევროკავშირში მიღების წინააღმდეგი, მაგრამ თუ ევროკავშირი დათანხმდება უკრაინის თავის რიგებში მიღებას, ამით მხრებზე უმძიმეს ტვირთს დაიდებს“, – წერს შვეიცარიის გერმანულენოვანი გაზეთი “ნოიე ციუჰერ ცაიტუნგი” (Neue Zürcher Zeitung) სტატიაში, რომლის სათაურია: “კიევი – განხეთქილების ფაქტორი: რატომ აღარ გამოდის კრემლი უკრაინის ევროკავშირში მიღების წინააღმდეგ?“ (ავტორი – მარკუს ბერნატი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირეოდენი შემოკლებით:

უკრაინის დაახლოება ევროკავშირთან 2014 წელს სერიოზული დაძაბულობის მიზეზი გახდა კიევსა და მოსკოვს შორის, მაგრამ ამჟამად ეს თითქოსდა ისეთი მნიშვნელოვანი აღარ არის, როგორიც მაშინ იყო: კრემლში ფსონს ახლა იმ ადამიანებზე დებენ, რომლებიც ევროკავშირში არიან და მისი გაფართოების წინააღმდეგ გამოდიან.

ვლადიმერ პუტინს არ სურს, რომ უკრაინასთან კონფლიქტი დარეგულირდეს: მას არ უნდა დაპყრობილი ტერიტორიების დაბრუნება უკრაინისათვის, უკან არ იხევს დამატებითი მიწების მიერთებაზეც, რომლებიც კრემლის არმიას ჯერ არ დაუკავებია, არ სურს ევროპული სამხედრო კონტინგენტის ყოფნა უკრაინის ტერიტორიაზე და, რა თქმა უნდა, გამორიცხავს უკრაინის ნატოში მიღებას… მაგრამ რატომღაც უკვე აღარ არის იმის წინააღმდეგი, რომ კიევი ევროკავშირის წევრი გახდეს. ვლადიმერ პუტინი უკრაინის ევროკავშირში მიღებას ეთანხმება. ეს მნიშვნელოვანი ფაქტია.
მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი თეთრ სახლში დაბრუნდა, ვლადიმერ პუტინი და მისი მოკავშირეები დროდადრო აკეთებენ უშფოთველ და თავშეკავებულ რემარკებს იმ ქვეყნის ევროკავშირში შესვლაზე, რომლის წინააღმდეგაც ისინი ომობენ და რომელზეც გამარჯვება სურთ. „უკრაინა ევროკავშირში? პრობლემა არ არის. საკითხი ეხება ეკონომიკურ ინტეგრაციას და არა სამხედროს… ასეთ დროს ვერცერთი ქვეყანა ვერ გამოვა კიევის წინააღმდეგ და ამას არც ჩვენ არ ვიზამთ“ – ეს კრემლის პრეს-მდივნის სიტყვებია.

2013-2014 წლებში მოსკოვის პოზიცია სრულიად სხვაგვარი იყო. იმ პერიოდში კრემლი ცდილობდა, რომ უკრაინასა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ძალაში შესვლა არ დაეშვა. რუსეთს სურდა, რომ მისი მეზობელი სხვა გზით წასულიყო და როცა კრემლისადმი ლოიალურმა პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა ნამდვილად შეაჩერა შეთანხმების მოქმედება, კიევში რევოლუცია დაიწყო. პრეზიდენტი რუსეთში გაიქცა. კრემლმა მიიერთა ყირიმი, დონეცკმა და ლუგანსკმა კიევის ხელისუფლებისაგან დამოუკიდებლობა გამოაცხადეს, დაიწყო კონფლიქტი უკრაინასთან.

ვლადიმერ პუტინი დღემდე თვლის, რომ მაიდნის შემდგომი ხელისუფალნი – ჯერ პეტრო პოროშენკო და მისი კაბინეტი, შემდეგ კი ვოლოდიმირ ზელენსკი – არალეგიტიმურები არიან. მომხდარი მოვლენების ერთ-ერთ მიზეზს ევროპული კურსის მიმართ იმდროინდელი სხვადასხვა მიდგომები წარმოადგენდა. ახლა კი გამოდის, რომ უეცრად ყველაფერმა მნიშვნელობა დაკარგა?

კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა უკრაინის ევროკავშირში მიღების თაობაზე შემრიგებლური ტონით პირველად თებერვალში განაცხადა, როცა რუსი და ამერიკელი მომლაპარაკებლები ერ-რიადში მიდიოდნენ შესახვედრად. როგორც ჩანს, პუტინის პრესმდივანს სურდა დონალდ ტრამპის კეთილგანწყობის გაძლიერება, მისთვის მოსკოვის მზადყოფნა ჩვენება და ეს თემა იმიტომ წამოსწია. არადა, კაცმა რომ თქვას, კრემლს უკრაინის ევროკავშირში მიღება უკვე არაფრად აღარ უღირდა. მართლაცდა, კიევის მიღების პროცესი ხომ ახლო პერსპექტივაში არ მოხდება. თანაც ამ შემთხვევაში საქმე არ ეხება არც ტერიტორიებს და არც ფრონტის ხაზებს. ვლადიმერ პუტინმა ყველაფერი გათვალა. „ჩვენ ამაზე არასდროს უარს არ ვაცხადებდით“, – თქვა მან აპრილში.

რაშია საქმე? „როგორც ჩანს, კრემლი ფიქრობს, რომ უკრაინის ევროკავშირში მიღება ორგანიზაციის წევრებს შორის განხეთქილებას გააღვივებს და ბლოკს სირთულეებს მოუტანს“, – თვლის პასკალ ბონიფაცი, პარიზის საერთაშორისო და სტრატეგიული ურთიერთობების ინსტიტუტის (IRIS) დირექტორი, რომელიც ევროკავშირის გაფართოებას უკიდურესად კრიტიკულად უყურებს. მისი თქმით, თუ ევროკავშირი თავის რიგებში, მართალია, ტერიტორია დაკარგულ, მაგრამ მაინც საკმაოდ დიდ უკრაინას მიიღებს, ევროპა ნებაყოფლობით საკუთარ მხრებზე მეტად მძიმე ტვირთს იდებს.
უკვე ამჟამად ევროკავშირის ისეთ ქვეყნებში, რომლებსაც განვითარებული სოფლის მეურნეობა აქვთ, მაგალითად, საფრანგეთში და პოლონეთში, იზრდება წინააღმდეგობა ახალი კონკურენტის მიმართ. ბრიუსელის ანალიტიკური ცენტრის Bruegel-ს გამოთვლით, ევროკავშირის წევრები საერთო ჯამში 24 მილიარდი ევროთი ნაკლებ თანხებს მიიღებენ კოგეზიური ფონდიდან, რომელიც ეკონომიკური განვითარების გათანასწორების მიზნით არის შექმნილი. კრიტიკოსები დამატებით საფრთხესაც ხედავენ: უკრაინა ევროკავშირს კორუფციის პრობლემითაც „დაასაჩუქრებს“.

უნგრეთისა და სლოვაკეთის მთავრობები, რომლებიც რუსეთის მიმართ ლოიალურად არიან განწყობილნი, კრემლის გარეშეც სიამოვნებით დაადებენ ვეტოს უკრაინის მიღებას. პუტინი დიდსულოვნად თანახმაა, იმიტომ, რომ კარგად იცის – თვითონ ევროკავშირის წევრები (მისი მეგობრები) საქმეს უიმისოდაც გააკეთებენ, საკუთარი ინტერესების შესაბამისად, რომ ფონდიდან მისაღები ფული არ მოაკლდეთ. განა პუტინს სხვა რაიმე ინსტრუმენტი სჭირდება, რომ ევროპაში გრძელვადიანი განხეთქილება შეიტანოს?

და კიდევ ერთი მომენტი: ევროკავშირის ხელშეკრულებაში არის 42-ე მუხლი, რომელიც ორგანიზაციის წევრებისათვის სამხედრო სფეროში ურთიერთდახმარების ვალდებულებასაც ითვალისწინებს. ეს მუხლი ისეთივე პრობლემურია, როგორიც ნატოს ხელშეკრულების მე-5 პუნქტი. ანუ რა გამოდის? თუ ევროკავშირის წევრ ერთ ქვეყანას შეუძლია უკრაინის ფინანსური უზრუნველყოფა ჩაშალოს (იგულისხმება ბელგია, რომელიც წინააღმდეგია კიევს რუსეთის კუთვნილი 140 მილიარდი ევრო გადაეცეს), მაშინ რა მოხდება, როცა საკითხი სამხედრო დაცვას შეეხება?

წყარო: